დიღომში, ოლიმპიურ აუზზე დასრულდა საერთაშორისო ყოველ წლიური ტურნირი წყალბურთში მერიის თასი, რომელიც LEN-ის ეგიდით ტარდებოდა. გათამაშებაში ოთხი ეროვნული ნაკრები იღებდა მონაწილეობას: საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი და სლოვაკეთი. ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს სამივე გუნდთან გამკლავება და პირველ ადგილსაც დაეუფლნენ. მეორე ადგილზე სლოვაკეთის, ხოლო მესამეზე ყაზახეთის ეროვნული ნაკრებები გავიდნენ.
პირველ ადგილოსანი გუნდი, თბილისის მერმა ბატონმა კახა კალაძემ დააჯილდოვა და ქართულ წყალბურთს გვერდში დგომა აღუთქვა.
“ზოგადად, წყალბურთი საქართველოში ყოველთვის პოპულარული სპორტი იყო, თუმცა გარკვეული წლები სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სპორტის ეს სახეობა, ისევე როგორც სხვა სახეობები, წინ წამოვწიოთ. დედაქალაქის მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა იქნება. საკმაოდ კარგი ახალგაზრდები მოდიან, კარგი ნაკრები გვყავს და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზებთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ამ გამარჯვებას გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
„უპირველესად, ჩვენს გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ტურნირზე გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადაა”, – ამბობს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზურაბ რურუა დასახელდა.
ეს ტურნირი გახლდათ ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი ბოლო ეტაპი, რომელიც ბარსელონაში 14-28 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე რაც უკვე დიდი წარმატებაა.