წესდება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის წესდება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია (შემდგომში - ფედერაცია) არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და იგი შექმნილია პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანების საფუძველზე.

ფედერაციის სრული სახელწოდებაა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია.

ფედერაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,სპორტის შესახებ” საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საკუთარი წესდებისა და თავის სახეობაში საერთაშორისო (FINA) და ევროპული (LEN) ფედერაციების წესდებების შესაბამისად. ფედერაცია ცნობს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, თავის მოღვაწეობას ახორციელებს ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან მჭიდრო ურთერთკავშირში.

ფედერაციას აქვს განკერძოებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელებით, შტამპი, სიმბოლო, ბლანკები, წევრობის მოწმობები და საკუთარი ემბლემა. ფედერაციის ლოგო გამოიყენება ფედერაციის ეგიდით გამოშვებული ნებისმიერ ატრიბუტიკაზე, გამგეობის ნებართვით.

ფედერაცია არის საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობათა ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანიზაცია. ფედერაციის უფლებამოსილება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და იგი წარადგენს სპორტის საწყლოსნო სახეობებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფედერაციის წინამდებარე წესდება და მის მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად ფედერაციის ყველა წევრისათვის.

ფედერაცია არის თავის სახეობაში საერთაშორისო (FINA) და ევროპული (LEN) ფედერაციების წევრი და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, შეუძლია იყოს სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ნამდვილი ან ასოცირებული წევრი, ასევე, ფედერაციას შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას ადგილობრივი ფილიალები და წარმომადგენლობები საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში.

ფედერაცია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.

ფედერაციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ი. მაჩაბლის ქ. N11.

ფედერაციის ელ-ფოსტაა: geo.swim.fed@gmail.com.

მუხლი 2. ფედერაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები

ფედერაციის საქმიანობის მიზნებია:

ა) ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის რეალურად დამკვიდრება, მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ჩაბმა სპორტულ მოძრაობაში;
ბ) სპორტის საწყლოსნო სახეობების პრობლემებზე მომუშავე კერძო იურიდიული და ფიზიკური პირების შესაძლებლობების კონცეტრაცია საქართველოში სპორტის საწყლოსმო სახეობების მხარდაჭერის, განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის;
გ) მოსახლეობას შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის როლის ამაღლება;
დ) საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობების განვითარების კონცეფციის, მრავალწლიანი და მოკლევადიანი პროგრამების შემუშავება;
ე) სპორტის საწყლოსნო სახეობების დაფინანსების მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) რეგიონულ და ადგილობრივ (მუნიციპალურ) დონეზე სპორტის საწყლოსნო სახეობებში მომუშავე ორგანიზაციებისათვის და პირებისთვის ხელშეწყობა;
ზ) სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში (მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე) ქართველი სპორტსმენებისა და საქართველოს ნაკრები გუნდების გამოსვლის უზრუნველყოფა;
თ) საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობების შეჯიბრებების ჩატარების სისტემის სრულყოფა, ეროვნული ჩემპიონატების, ასაკობრივი პირველობების და სხვა ტურნირების ჩატარება;
ი) სახელმწიფოსთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან ფედერაციის წევრი ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების და მათი წევრების ინტერესების დაცვა;
კ) ფედერაციის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დამტკიცება;
ლ) მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება, ამ მიზნით სემინარების, კონფერენციების, ღია გაკვეთილების და ა.შ. სხვა ღონისძიებების ჩატარება;
მ) სპორტის საწყლოსნო სახეობების სპეციალისტების, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენების, მწვრთნელების და მსაჯების სოციალური ინტერესებისათვის ზრუნვა;
ნ) სპორტის საწყლოსნო სახეობებათა ინტერესების განხორციელება საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების, სახელმწიფო და ადგილობრივი სტრუქტურებისა და ა(ა)იპ - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინაშე;

საწესდებო მიზნების მისაღწევად, ფედერაცია:

ა) შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობათა განვითარების პროგრამებს, ქმნის ეროვნულ, ოლიმპიურ და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებ გუნდებს, უზრუნველყოფს მათ მომზადებას და მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში;
ბ) ორგანიზებას უწევს საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი მასშტაბისა და კატეგორიის ტურნირების გამართვასს, ამტკიცებს შეჯიბრებებსი დებულებებს და ახორციელებს მათი გამართვის კონტროლს;
გ) ორგანიზაციულ და შესაძლებლობების ფარგლებში ფინანსურ დახმარებას უწევს თავის წევრებს;
დ) ეწევა ქველმოქმედებას;
ე) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰქონდეს საკუთარი ბეჭდვითი ორგანო და გამოსცეს სასწავლო_მეთოდური, საცნობარო, საინფორმაციო და სხვა სახის ლიტერატურა;
ვ) ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და სხვა საქმიანი ურთიერთობის მიზნით, ამყარებს კავშირებს მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ;
ზ) უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე სახის კომერციული და სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ემსახურება ფედერაციის საერთო მიზანს და არ ცვლის ფედერაციის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს, მაგრამ ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობაზე არსებითად გადასვლა;
თ) ამტკიცებს მოთამაშეთა სტატუსისა და გადასვლების, სპორტულ-ტექნიკური, დისციპლინური და მსაჯთა კოლეგიის დებულებებს;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა ან/და საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, გასცემს ექსკლუზიური უფლება სპორტის საწყლოსნო სახეობებში საქართველოს ნაკრები გუნდების გამოსვლების ტელეტრანსლირებაზე.

სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ შეიძლება განაწილებული იქნეს ფედერაციის წევრებს ან შემომწირველებს შორის. იგი უნდა მოხმარდეს ფედერაციის მიზნების განხორციელებას.

ფედერაცია უზრუნველყოფს თავის სახეობაში საერთაშორისო (FINA) და ევროპული (LEN) ფედერაციების აღმასრულებელი და სადისციპლინო ორგანოების მოთხოვნათა შესრულებას.

ამ წესდებით გაუთვალისწინებელი შემთხვევები რეგულირდება საერთაშორისო (FINA) და ევროპული (LEN) ფედერაციების წესების შესაბამისად, ხოლო აღნიშნული მარეგულირებელი წესების არ არსებობის შემთხვევაში - ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 3. ფედერაციის წევრობა

ფედერაციის წევრები შეიძლება იყვნენ სპორტის საწყლოსნო სახეობებთან თავისი საქმიანობით (არანაკლებ 2 წლისა) დაკავშირებული შემდეგი სუბიექტები:

ა) ფიზიკური პირი;
ბ) იურიდიული პირი, კერძოდ:
ბ.ა) სპორტული კლუბი/იურიდიული პირის სტატუსის მქონე სპორტული გუნდი;
ბ.ბ) რეგიონული ფედერაცია, რომელიც დაფუძნებულია ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობისაგან დამოუკიდებლად და ფედერაციაში გაწევრიანდა ამ მუხლით დადგენილი წესით;
ბ.გ) სპორტის საწყლოსნო სახეობებთან დაკავშირებული ორგანიზაცია (მაგ.: ფედერაციაში შემავალი ცალკეული სახეობების ასოციაცია, სპორტის სახეობასთან დაკავშირებული პირების (სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები, ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის საწყლოსნო სახეობებში მომუშავე სხვა პირთა გაერთიანებები) კავშირი, სპორტის საწყლოსნო სახეობებში მომუშავე ორგანიზაცია/გაერთიანება, მათ შორის, მუნიციპალიტეტის სპორტის მიმართულების ა(ა)იპ, რომელიც ფუნქციონირებს ფედერაციაში შემავალი სახეობების მიმართულებით).
ბ.დ) სპორტის საწყლოსნო სახეობებში მომუშავე ღვაწლმოსილი ფიზიკური პირები და თავისი საქმიანობით სპორტის საწყლოსნო სახეობებთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც დიდი წვლილი (მათ შორის ფინანსური) შეიტანეს საქართველოში სპორტის საწყლოსნო სახეობების განვითარების საქმეში.

ფედერაციის მიერ დაფუძნებული ფილიალი, რეგიონული ფედერაცია ან სხვა ორგანიზაციული დანაყოფი ფედერაციის წევრი არ არის.

იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ფედერაციის წევრად იღებს გამგეობა.

ფედერაციაში გაწევრიანების მსურველი პირი განცხადებით მიმართავს გამგეობას, რომელიც მომდევნო სხდომაზე (არაუგვიანეს 1 თვისა) განიხილავს გაწევრიანების შესახებ განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას.

ამ მუხლის 3.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გამგეობის მიერ პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება ფედერაციაში გაწევრიანებაზე უარის ტოლფას გადაწყვეტილებად.

ფედერაციაში გაწევრიანებაზე უარი საჩივრდება სასამართლოში.

დაუშვებელია ფედერაციაში ახალი წევრების მიღება ფედერაციის პრეზიდენტის/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამგეობის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოცემული 6 თვის განმავლობაში ფედერაციაში შესაძლებელია მიღებულ იქნეს ახალი წევრი იმ დათქმით, რომ ახალ წევრს ხმის მიცემის უფლება არ ექნება ფედერაციის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებზე.

გამგეობამ უნდა აწარმოოს ფედერაციის წევრთა ელექტრონული რეესტრი, რომელიც განთავსდება ფედერაციის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის.

ფედერაციის წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის პროგრამებსა და პროექტებში თავისი კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
ბ) მონაწილეობდეს დელეგატის სახით ფედერაციის უმაღლესი მმართველი ორგანოს – ფედერაციის საერთო კრების (ყრილობის) მუშაობაში;
გ) წერილობითი განცხადების საფუძველზე გავიდეს ფედერაციის წევრობიდან ნებისმიერ დროს
დ) მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია ფედერაციის საქმიანობის შესახებ, მონაწილეობა მიიღოს ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების წევრების არჩევაში;
ე) თავისი შესაძლებლობის მიხედვით, შეასრულოს ფედერაციის გამგეობის დავალებები;
ვ) მიიღოს ფედერაციაში არსებული საჯარო ინფორმაცია;

ფედერაციის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას ფედერაციის წესდება, პროპაგანდა გაუწიოს ფედერაციის მიზნებს, აქტიურად შეუწყოს ხელი ფედერაციის წინაშე მდგომი ამოცანების, ფედერაციის სამოქმედო პრინციპების განხორციელებას;
ბ) დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომლის გაუმჟღავნებლობის ვალდებულებაც აკისრია ფედერაციის წევრს;
გ) გაუფრთხილდეს ფედერაციის ქონებას;
დ) შეასრულოს ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებანი;
ე) ფედერაციის შემადგენლობიდან გასვლის შემთხვევაში დაფაროს მასზე დარიცხული ფინანსური და მატერიალური დავალიანებები.

ფედერაციის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ფედერაციის სახელით გამგეობის მიერ მინიჭებული შესაბამისი რწმუნების გარეშე.

ფედერაციის წევრები, გამგეობის მიერ დადგენილი წესით და ოდენობით იხდიან საწევრო შესატანს. საწევრო შესატანის ოდენობა და გადახდის წესები განისაზღვრება გამგეობის მიერ.

წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის.

მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას, ფედერაციის საერთო კრებას (ყრილობას) შეუძლია წევრს შეუწყვიტოს ფედერაციის წევრობა. წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ფედერაციის წევრობის შეწყვეტა ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ მისი მოქმედება ეწინააღმდეგება ფედერაციის წესდების მიზანსა და ინტერესებს; გ) საწევრო შესატანის გადაუხდელობის შემთხვევაში 3 (სამი) თვის განმავლობაში;
დ) თუ წევრი უხეშად არღვევს წესდების დაკისრებულ მოვალეობებს;
ე) წევრი ფიზიკური პირის გარდაცვალებისას ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას.

მუხლი 4. ფედერაციის ორგანიზაციული სტრუქტურა

ფედერაციის უმაღლესი მმართველი ორგანო – ფედერაციის საერთო კრება (ყრილობა).

ფედერაციის აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა.

მუხლი 5. ფედერაციის საერთო კრება (ყრილობა)

ფედერაციის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ფედერაციის საერთო კრება (ყრილობა).

ფედერაციის რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა წელიწადში ერთხელ, ხოლო საარჩევნო რიგითი საერთო კრება (ყრილობა) მოიწვევა არაუგვიანეს 4 წელიწადში ერთხელ, პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადის გათვალისწინებით.

საერთო კრების (ყრილობის), მათ შორის, რიგგარეშე საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის უფლება აქვთ:

ა) ფედერაციის პრეზიდენტს/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს;
ბ) ფედერაციის გამგეობას;
გ) ფედერაციის წევრთა არანაკლებ 25%-ს (მხოლოდ რიგგარეშე საერთო კრების (ყრილობის) შემთხვევაში).

საერთო კრება (ყრილობა) შედგება დელეგატებისაგან. დელეგატები ფედერაციის წევრები არიან, ამ მუხლით დადგენილი დათქმების გათვალისწინებით. ყველა დელეგატი თანასწორია, განურჩევლად იურიდიული სტატუსისა.

ფედერაციაში ფიზიკურ პირ წევრთა რაოდენობის მიუხედავად, საერთო კრების (ყრილობის) დელეგატთა არანაკლებ სამ მეოთხედს ფედერაციის წევრი იურიდიული პირები უნდა წარმოადგენდნენ, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „61“ პუნქტის შესაბამისად.

გამგეობის მიერ ფიზიკური პირების საერთო კრების (ყრილობის) დელეგატებად არჩევისას, უპირატესობა ენიჭებათ საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებსა და მათ მწვრთნელებს, ხოლო კონკურენციის შემთხვევაში კი, გათვალისწინებული იქნება სპორტული შედეგები.

საერთო კრებაში (ყრილობაში), იურიდიული პირი წევრის სახელით მონაწილეობას იღებს მის მიერვე განსაზღვრული წარმომადგენელი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს საერთო კრებაში (ყრილობაში) მონაწილეობის შესახებ უფლებამოსილების დოკუმენტი.

საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ფედერაციის წევრის მიერ სხვა წევრისთვის ხმის უფლების დელეგირება დაუშვებელია.

საერთო კრებაზე (ყრილობაზე) კენჭისყრისას ფედერაციის ხმის უფლების მქონე ყოველ წევრს (ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) აქვთ თითო ხმა. დაუშვებელია, რომელიმე დელეგატის ხმისათვის უფრო მეტი წონის ან სხვა პრივილეგიის მინიჭება სხვა დელეგატებთან მიმართებაში. აღნიშნული საკითხი მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი წესდებაში და არ უნდა საჭიროებდეს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას გამგეობის მხრიდან.

საერთო კრებაზე (ყრილობაზე) გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს თავად წესდების დამტკიცებას/ცვლილების შეტანას, ან ფედერაციის რეორგანიზაცია/ლიკვიდაციას.

საერთო კრება (ყრილობა) ტარდება ნოტარიუსის მონაწილეობით, რომელიც საჯარო სამართლებრივი აქტით აფორმებს კრების ოქმს.

ფედერაციის საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ ფედერაციის წევრები გაფრთხილებულ უნდა იქნან წერილობით, პრესაში გამოქვეყნების გზით, სატელეფონო შეტყობინებით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით ან ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ფედერაციის საერთო კრების (ყრილობის) მოწვევამდე 1 (ერთი) თვით ადრე, დღის წესრიგის მითითებით.

ფედერაციის საერთო კრებას (ყრილობას) წარმართავს ფედერაციის პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ ამ უფლების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ფედერაციის საერთო კრებას (ყრილობას) წარმართავს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.

საერთო კრებას (ყრილობას) გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება დლეგეტატთა უმარვლესობა (50%+1). იმ შემთხვევაში, თუ ფედერაციის საერთო კრება (ყრილობა) აღმოჩნდება გადაწყვეტილებაუუნარო, იგი მოიწვევა განმეორებით შვიდი დღის შემდეგ იმავე წესითა და დღის წესრიგით და აღნიშვნით, რომ საერთო კრება (ყრილობა) განმეორებითია. განმეორებით მოწვეული საერთო კრება (ყრილობა) გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც, თუ არ გამოცხადდება დელეგატთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ დელეგატთა საერთო სიით შემადგენლობის 1/3-სა.

გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილების თაობაზე მიიღება დამსწრეთა ხმების 2/3-ის უმრავლესობით. ფედერაციის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს დელეგატის საერთო სიით შემადგენლობის 4/5-ს.

ფედერაციის საერთო კრების (ყრილობის) გადაწყვეტილება ნამდვილია მაშინ, თუ ის საკითხი, რაზედაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შეტანილი იყო ფედერაციის საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის დროისთვის განსაზღვრულ დღის წესრიგში.

ფედერაციის საერთო კრების (ყრილობის) ჩატარების დროს დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება ფედერაციის ყრილობის ჩატარების ადგილი, დრო, დამსწრეთა რაოდენობა, დღის წესრიგი, განხილული საკითხების არსებითი შინაარსი და გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერენ ყრილობის თავმჯდომარე და მდივანი, რომელიც აირჩევა ყრილობის მიერ.

ფედერაციის საერთო კრება (ყრილობა) გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე:

ა) წესდებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა, წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;
ბ) ფედერაციის მიზნების შეცვლა;
გ) ფედერაციის ამოცანების გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება;
დ) ფედერაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხის გადაწყვეტა;
ე) ფედერაციის მუშაობასთან დაკავშირებული სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა;
ვ) ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

საერთო კრებას (ყრილობას) შეუძლია ფედერაციის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და სხვა მიზნით შექმნას კომისიები ან/და კომიტეტები (კოორდინატორები), რომელთაც საერთო კრებებს (ყრილობებს) შორის პერიოდში შეიძლება გადაეცეს საერთო კრების (ყრილობის) გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობის ფუნქციები.

კომისიებში ან /და კომიტეტებში შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფედერაციის წევრები.

კომისიების ან/და კომიტეტების შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს გამგეობა 4 (ოთხი) წლის ვადით.

კომისიების ან/და კომიტეტების საქმიანობის წესს და მიმართულებებს განსაზღვრავს გამგეობა.

მუხლი 6. ფედერაციის გამგეობა

ყრილობებს შორის ფედერაციის საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს ფედერაციის გამგეობა.

გამგეობის წევრების რაოდენობას (არანაკლებ 3 და არაუმეტეს 15) ადგენს და წევრებს ირჩევს საერთო კრება (ყრილობა).

გამგეობა ირჩევა საერთო კრების (ყრილობის) მიერ არაუმეტეს 4 წლის ვადით. გამგეობის ყველა წევრის უფლებამოსილება წყდება ფედერაციის პრეზიდენტის/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე.

ფედერაციის გამგეობის სხდომა მოიწვევა პრეზიდენტის ან გამგეობის წევრთა 1/3-ის მიერ საჭიროების შემთხვევაში.

გამგეობის სხდომის ჩატარებისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის წევრებს უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარებამდე 3 (სამი) დღით ადრე მაინც, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - 24 სთ-ით ადრე.

გამგეობის თავმჯდომარეა ფედერაციის პრეზიდენტი. გამგეობის სხდომას წარმართავს ფედერაციის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.

ერთი და იგივე პირი გამგეობის წევრი შეიძლება იყოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ისა და გამგეობის წევრებისთვის შრომის ანაზღაურების გაცემისა და მისი ოდენობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საერთო კრების (ყრილობის) მიერ. ამასთან, შრომის ანაზღაურების დაფინანსება არ განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან ერთზე მეტი ვიცე-პრეზიდენტისა და ცხრაზე მეტი გამგეობის წევრისათვის.

გამგეობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია გამგეობის თავმჯდომარის ხმა.

გამგეობის სხდომის დროს დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება სხდომის ადგილი, დრო, მონაწილეთა რაოდენობა, განხილული საკითხების არსებითი შინაარსი და გამგეობის გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს ფედერაციის პრეზიდენტი და სხდომაზე დამსწრე წევრების მიერ არჩეული მდივანი, ხოლო პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ოქმს ხელს აწერს სხდომის წამყვანი ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და სხდომის მდივანი.

მუხლი 7. გამგეობის კომპეტენცია

გამგეობის კომპეტენციაში შედის:

ა) გადაწყვეტილებების მიღება ფედერაციის საქმიანობის პრინციპულ საკითხებზე, რომელიც არ შედის ფედერაციის საერთო კრების (ყრილობის) კომპეტენციაში;
ბ) საერთო კრების (ყრილობის) შორის პერიოდში ფედერაციის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; გ) ფედერაციის საპატიო პრეზიდენტისა და საპატიო წევრების არჩევა;
დ) ფედერაციის შინაგანაწესისა და კომისიების/კომიტეტების და სხვა ორგანოების დებულებების დამტკიცება;
ე) გამგეობის წევრთა ფუნქციების განსაზღვრა;
ვ) სტიპენდიებისა და პრემიების დანიშვნა და მათი რაოდენობის განსაზღვრა; ზ) ფედერაციის სხვა საქმიანობის წარმართვა მოქმედი კანონმდებლობით;
თ) ფედერაციის კომისიების ან/და კომიტეტების თავმჯდომარეების და წევრების არჩევა;
ი) ფედერაციის წევრების მიღება და საჭიროებისამებრ, აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული სახის კრიტერიუმებისა და სტანდარტების შემუშავება;
კ) საწარმოების/ფილიალების დაფუძნება ან სხვა საწარმოებში წილობრივი მონაწილეობის/სხვა ორგანიზაციებში გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტა, დაფუძნებული საწარმოების/ფილიალების წესდებების (დებულებების) დამტკიცება, მათი ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება;
ლ) ხელმძღვანელობის უფლებამოსილებათა ფარგლების განსაზღვრა ამ წესდების მიხედვით;
მ) ფედერაციის ქონების მართვა და განკარგვა.

ამ წესდების თანახმად ფედერაციის გამგეობას შეუძლია:

ა) გაათავისუფლოს ფედერაციის კომიტეტის/კომისიის წევრი, მოვალეობის შეუსრულებლობის, დარღვევის ან შეუფერებელი საქციელის გამო;
ბ) შეაჩეროს ფედერაციის წევრობა;
გ) გამგეობის წევრებს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა, თუ მის მიერ მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო ზიანი მიადგა ფედერაციას ან სხვა პირს.
დ) დაამტკიცოს ფედერაციის თანამდებობის პირების და სხვა პერსონალის საშტატო ერთეულები და ხელფასის ფონდი ფედერაციის ბიუჯეტის ფარგლებში;
ე) დაამტკიცოს ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, ფედერაციის პრეზიდენტის ან ერთ-ერთი ვიცე- პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე;
ვ) დაამტკიცოს მთავარ მწვრთნელთა თანაშემწეები, მთავარი მწვრთნელის წარდგინებით; ზ) განსაზღვროს სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა წოდებები და კატეგორიები;
თ) საწყლოსნო სახეობებში მოღვაწე ღვაწლმოსილი პირები წარადგინოს სპორტის საპატიო წოდებებსა და სახელმწიფო ჯილდოების მისაღებად;
ი) წარადგინოს სპორტსმენები, მწვრთნელები, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალი სტიპენდიებისა და ფულადი პრიზების მისაღებად;
კ) დაამტკიცოს ფედერაციის სიგელი/მედალი და მიიღოს გადაწყვეტილება მათ გადაცემაზე;
ლ) ნაკრებების მთავარი მწვრთნელის და თანაშემწეების დანიშვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს შრომითი კონტრაქტის შემუშავება, რომელსაც ხელს აწერს ფედერაციის პრეზიდენტი;
მ) უფლებამოსილია საჭიროებისამებრ შექმნას სარევიზო კომისია, ფედერაციის წევრებისგან და შესაბამისი მოწვეული პირებისგან, მოისმინოს აღნიშნული კომისიის ანგარიში და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები;
ნ) დაამტკიცოს დისციპლინური სასჯელები მწვრთნელთა, სპორტსმენთა და მსაჯთა მიმართ და უზრუნველყოს მოცემული სასჯელების პრაქტიკაში გამოყენება;
ო) საჭიროებისამებრ შექმნას საკონსულტაციო საბჭო ვეტერანი სპორტსმენებისგან, მწვრთნელებისგან, და მსაჯებისგან და განსაზღვროს ამ საბჭოს საქმიანობის წესი.

მუხლი 8. ფედერაციის პრეზიდენტი

პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 4 წელი. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ფედერაციის პრეზიდენტად ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

პრეზიდენტს ირჩევს ფედერაციის წევრთა საერთო კრება (ყრილობა) ფარული ან ღია კენჭისყრით. კენჭისყრის ფორმის შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება (ყრილობა), დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

ფედერაციის პრეზიდენტის/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, შესაბამის გონივრულ ვადაში, მაგრამ აღნიშნული ვადის ამოწურვამდე არა უგვიანეს 45 დღისა, ფედერაციის პრეზიდენტი/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ან გამგეობა ვალდებულია, მოიწვიოს საერთო კრება (ყრილობა) და აირჩიოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, ფედერაციის წესდებით საერთო კრების (ყრილობის) მოწვევისა და ჩატარებისთვის გათვალისწინებულ ვადებში და იმ პირობის დაცვით, რომ საერთო კრებამდე (ყრილობამდე) მოქმედი პრეზიდენტის/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ამოწურვისთანავე, ახლად არჩეული პრეზიდენტი შეუდგება უფლებამოსილებების განხორციელებას.

ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდე გადადგომის/გადაყენების, ან სხვა რაიმე მიზეზით უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ფედერაციის საერთო კრების (ყრილობის) მიერ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე პერიოდში, წესდებაში პირდაპირი მითითების საფუძველზე, ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას (შემდგომ მითითებული რიგითობით) ასრულებს: ფედერაციის ერთ-ერთი ვიცე- პრეზიდენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან გენერალური მდივანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ფედერაციის გამგეობის უხუცესი წევრი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მას ჩაანაცვლებს ამ პუნქტში მითითებული რიგითობით მომდევნო სხვა პირი, ამ მუხლის 8.5. პუნქტში განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.

ამ მუხლის 8.4. პუნქტში მითითებული პირი ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს 3 თვის ვადით. მოცემული ვადა, გამგეობის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვით. დაუშვებელია, პირი ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდეს ჯამურად 6 თვეზე მეტი ვადით. ამასთან, მოცემული დანაწესი ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ამ მუხლის 8.4. პუნქტში მითითებული გარემოება დგება იმ პერიოდში, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილი იყო 6 თვეზე მეტი ვადა. თუ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები პერიოდი, ამ მუხლის 8.4. პუნქტში მითითებული გარემოების დადგომის შემთხვევაში, პირი ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს არა უმეტეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩენილი ვადით.

ამ მუხლის 8.4. პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევაში, რიგგარეშე ყრილობის მოწვევა და ახალი პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს ამ მუხლის 8.3. პუნქტით დადგენილი წესით და 8.5. პუნქტში მითითებული ვადების დაცვით.

თუ ამ მუხლის 8.3., 8.4. და 8.5. პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და განსაზღვრულ ვადებში ვერ მოხდება საერთო კრების (ყრილობის) ჩატარება ან/და ახალი პრეზიდენტის არჩევა, პრეზიდენტის/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, მასთან ერთად უფლებამოსილება უწყდებათ ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ს, გენერალურ მდივანსა და გამგეობას (გარდა ამ მუხლის 8.10. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). მოცემულ შემთხვევაში, ფედერაციის მოქმედ წევრთა არანაკლებ 25%, ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე საერთო კრებას (ყრილობას), რომელიც უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.

ამ მუხლის 8.7. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რიგგარეშე საერთო კრების (ყრილობის) მომწვევი ფედერაციის წევრები (მოქმედ წევრთა არანაკლებ 25%) ქმნიან საინიციატივო ჯგუფს (არაუმეტეს 5 პირის შემადგენლობით), რომელიც უზრუნველყოფს საერთო კრების (ყრილობის) ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას.

ფედერაციის ხელმძღვანელების (პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი და გენერალური მდივანი) უფლებამოსილების „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეჩერებისას, ფედერაციის გამგეობა ან ფედერაციის მოქმედ წევრთა არანაკლებ 25%, ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე (საგანგებო) საერთო კრებას (ყრილობას), რომელიც უნდა ჩატარდეს ფედერაციის ხელმძღვანელების უფლებამოსილების შეჩერებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.

თუ ამ მუხლის 8.7. და 8.9. პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ვადებში, ვერ განხორციელდება ამავე პუნქტებით განსაზღვრული საერთო კრების (ყრილობის) ჩატარება ან/და ახალი პრეზიდენტის არჩევა, მოქმედ პრეზიდენტს (გარდა 8.4. პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა) და მასთან ერთად მოქმედ ვიცე-პრეზიდენტებს, გამგეობას, გენერალურ მდივანსა და ხაზინადარს უფლებამოსილების ვადა უხანგრძლივდებათ 1 (ერთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება ამ მუხლის 8.7. ან/და 8.9. პუნქტ(ებ)ით გათვალისწინებული ორთვიანი ვადის ამოწურვისთანავე.

ამ მუხლის 8.10. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც 8.10 პუნქტში მითითებულ პირებს უხანგრძლივდებათ უფლებამოსილების ვადა, აღნიშნული ვადის გაგრძელება არ ითვლება ხელახალ არჩევნებად ან/და მეორე/შემდგომი ვადით არჩევად.

ამ მუხლის 8.10 პუნქტით გათვალისწინებული 1 წლიანი ვადის გასვლამდე სულ ცოტა ერთ კვირით ადრე მაინც უნდა ჩატარდეს საერთო კრება (ყრილობა), რომელზეც ახალი პრეზიდენტის არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, იმავე 8.10. პუნქტში მითითებულ პირებს უფლაბამოსილების ვადა უგრძელდებათ ამ მუხლის 8.10 და 8.11 პუნქტების შესაბამისად, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება (ყრილობა), დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

სამინისტროს მოთხოვნისამებრ, ფედერაციის პრეზიდენტის/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია ფედერაციის საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის, გასაწევი ხარჯებისა (მაგ.: საკომუნიკაციო, საწვავის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ.) და დაფინანსების სხვა ალტერნატიული წყაროების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

ფედერაციის პრეზიდენტი:

ა) წარმოადგენს ფედერაციის ხელმძღვანელ პირს;
ბ) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას და ფედერაციის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის;
გ) აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ფედერაციის თანამშრომლებთან და ღონისძიებებისას დაქირავებულ პირებთან;
დ) ხელს აწერს ფედერაციის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს, გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;
ე) ხელს უწყობს სპორტის საწყლოსნო სახეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას; ვ) ხელმძღვანელობს ფედერაციის მიმდინარე საქმიანობას;
ზ) წარმართავს ფედერაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
თ) ხელს აწერს ფედერაციის ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;
ი) ახორციელებს ფედერაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა ქონების ოპერატიულ მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე გამგეობის გადაწყვეტილების თანახმად;
კ) პასუხისმგებელია ფედერაციის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფედერაციის წევრებს, რომლებმაც წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინონ ფედერაციის გამგეობას არჩევნებამდე არანაკლებ 2 (ორი) კვირით ადრე მაინც.

ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მაღალი რეპუტაცია და იგი ნასამართლოების არმქონეა.

მუხლი 9. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და ხაზინადარი

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (როგორც წესი 1, ფედერაციის საქმიანობის მოცულობიდან გამომდინარე - არაუმეტეს 4) აირჩევა საერთო კრების (ყრილობის) მიერ, ხოლო გენერალური მდივანი (ადმინისტრაციული საქმიანობის ხელმძღვანელი პირი) და ხაზინადარი (ფინანსური საქმიანობის ხელმძღვანელი პირი) აირჩევა გამგეობის მიერ, სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის წარდგინებით, არაუმეტეს 4 წლის ვადით. ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ხაზინადარის უფლებამოსილება წყდება ფედერაციის პრეზიდენტის/პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე.

გენერალური მდივანი და ხაზინადარი არ არიან გამგეობის წევრები.

ერთი და იგივე პირი ვიცე-პრეზიდენტი ან გენერალური მდივანი ან ხაზინადარი შეიძლება იყოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

გენერალური მდივნისა და ხაზინადარისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის და მათი ოდენობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს გამგეობის მიერ. ამასთან, მათი შრომის ანაზღაურების დაფინანსება შეიძლება განხორციელდეს როგორც ფედერაციის საკუთარი შემოსავლებიდან ან არასაბიუჯეტო წყაროებით მოზიდული სახსრებიდან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან (მე-8 მუხლის 8.11. პუნქტის შესაბამისად სამინისტროსთვის წარდგენილი სახელფასო ფონდის ფარგლებში შეთანხმებული ოდენობის მიხედვით).

ვიცე-პრეზიდენტები ხელმძღვანელობენ და პასუხისმგებელნი არიან ფედერაციის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაზე. ვიცე-პრეზიდენტები ვალდებული არიან ფედერაციის საქმეებს წარუძღვეს კეთილსინდისიერად. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეასრულებენ თავის მოვალეობებს, ფედერაციის წინაშე პასუხს აგებს წარმოშობილი ზიანისთვის.

მდივანი ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას.

ფედერაციის გენერალური მდივანი:

ა) ჩასატარებლად ამზადებს ფედერაციის ყრილობას და გამგეობის სხდომებს;
ბ) კოორდინაციას უწევს სტრუქტურული ერთეულების, კომისიების/კომიტეტების და სხვა ორგანოების საქმიანობას;
გ) ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად ადგენს სპორტულ ღონისძიებათა კალენდარს, შეჯიბრების დებულებებს და პასუხისმგებელია მათ ჩატარებაზე;
დ) აწარმოებს ფედერაციის საერთო კრების (ყრილობისა) და გამგეობის სხდომის ანგარიშებს;
ე) ამყარებს კავშირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების ანალოგიურ ფედერაციებთან და აწარმოებს მათთან მიმოწერას.

მუხლი 11. რეგიონული ფედერაციები

საქართველოს რეგიონებში შეიძლება შეიქმნას ადგილობრივი ფედერაციები, რომელთა აღიარებაც უნდა მოხდეს გამგეობის მიერ. ამასთან, თითოეულ ადგილზე აღიარებული უნდა იქნას მხოლოდ ერთი რეგიონული ფედერაცია, მხოლოდ რომელსაც აქვს უფლება თავისი ეგიდით ჩაატაროს შეჯიბრება.

რეგიონული ფედერაცია შეიძლება დაფუძნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჰქონდეს ბეჭედი და გახსნას ანგარიში ბანკში.

მუხლი 12. ფედერაციის ატრიბუტიკები

ფედერაციას გააჩნია საკუთარი ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა და იგი ახორციელებს კონტროლს მის გამოყენებაზე.

ემბლემა შეიძლება გამოყენებული იქნას სამკერდე ნიშნების, სამახსოვრო ვიმპელების, სუვენირების, პლაკატებისა და სხვა ნივთების დასამზადებლად.

მუხლი 13. ფედერაციის ქონება

ფედერაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, შემოწირულობების, სპონსორ-დონორი ორგანიზაციების გრანტებისა და სხვა კანონიერი საშუალებების ხარჯზე.

საკუთართან ერთად, ფედერაციას შეუძლია, მფლობელობაში გააჩნდეს იჯარით აღებული შენობა-ნაგებობანი, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები, ორგტექნიკა, ინვენტარი და სხვა ქონება, რომელიც აუცილებელია კავშირის საწესდებო მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად.

ფედერაციის ფინანსური სახსრების ფორმირების წყაროს განეკუთვნება:

ა) შესაბამისი (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან მუნიციპალიტეტების) საბიუჯეტო ასიგნებები;
ბ) გრანტები, სესხები და კრედიტები;
გ) სპორტული ღონისძიებებიდან, მათი ტრანსლაციიდან, რეკლამიდან მიღებული შემოსავლები;
დ) ფედერაციის მიერ მომზადებული და პოლიგრაფიულ საწარმოებში გამოცემული ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებით მიღებული შემოსავალი;
ე) სარეკლამო, ფოტოგრაფიული, ვიდეო-აუდიო გამოცემათა შემოსავალი; ვ) საწევრო შენატანები, სპონსორ–დონორთა ფულადი დახმარებები;
ზ) სპორტული ბაზების იჯარით და მომსახურებით მიღებული თანხები; თ) ფედერაციასთან არსებული საწარმოთა მოგების ფონდის ანარიცხები;
ი) საკუთარი ატრიბუტიკის, საფოსტო სპეციალური სერიების მარკების რეალიზაციიდან, სარეკლამო, საქველმოქმედო ღონისძიებების შემოსავალი;
კ) სარეკლამო-სააგიტაციო ღონისძიებების შემოსავალი;
ლ) საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობით შემოწირულობებიდან, დამხმარე სახის კომერციული და სამეურნეო-სამეწარმეო, საგამომცემლო ან სხვა კანონით ნებადართული საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
მ) საერთაშორისო და ევროპული ფედერაციებიდან გრანტისა და დახმარებების სახით მიღებული ტრანშები.

ფედერაციის ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომელიც წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

ფედერაციას შეუძლია თავისი შემოსავლებიდან შექმნას სხვადასხვა სახის ფონდები.

ფედერაციაში დასაქმებული მუშაკთა შრომის ანაზღაურება ხდება დადგენილი ხელფასის განაკვეთისა და თანამდებობრივი სარგოების საფუძველზე. მუშაკთა სამსახურებრივი დატვირთვა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით და ფედერაციის შინაგანაწესით.

ფედერაციის შესაბამისმა საფინანსო სამსახურმა ფისკალური წლის ბოლოს (ემთხვევა კალენდარულ წელს) უნდა წარმოადგინოს ფედერაციის ხარჯთაღრიცხვა გამგეობის წინაშე.

მუხლი 14. აუდიტი

ფედერაციის მიერ განხორციელებული სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმებას წელიწადში ერთხელ ახორციელებს გამგეობის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც შემოწმების შედეგებს რეაგირებისათვის წარუდგენს გამგეობას და უახლოეს პერიოდში მოწვეულ ფედერაციის ყრილობას.

გამგეობის გადაწყვეტილებით ან ფედერაციის წევრთა 1/5-ის მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ფედერაციის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის არაგეგმიური, აუდიტორიული შემოწმება.

მუხლი 15. ფედერაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ფედერაციის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფედერაციის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მიზნის მიღწევის, გაკოტრების, რეგისტრაციის გაუქმების ან წევრთა ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;

ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილ ქონება შესაძლოა გამოისახოს ფულად ერთეულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გადაეცეს იმავე ან მსგავსი მიზნების მქონე არაკომერციულ ორგანიზაციას.

ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ პრესაში. ქონება შეიძლება განაწილდეს გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ.

ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი უწყების სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს შეუძლია სხვა ლიკვიდატორების დანიშვნა.

მუხლი 16. გარდამავალი დებულება

ფედერაციის 2025 წლის 25 თებერვლის საერთო კრების (ყრილობის) ჩატარების დღისთვის მოქმედ პრეზიდენტსა და გამგეობის წევრებს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ფედერაციის ბოლო (2023 წლის 22 თებერვლის) ამონაწერის მიხედვით) უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ ამ წესდების მე-8 მუხლის 8.10. პუნქტის შესაბამისად. კერძოდ, უფლებამოსილების ვადა 1 წლის ვადით უგრძელდებათ შემდეგ პირებს:

მოძებნეთ სასურველი ინფორმაცია